რუსთაველი ბავშვები დაბინძურებულ სათამაშო მოედნებზე თამაშობენ, მთავრობა კი ტოქსიკურ სამრეწველო მემკვიდრეობას უგულებელყოფს.

რუსთავი/პრაღა: ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკასა“ და ქართული სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთის“ მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, რუსთავში, საქართველოს სამრეწველო ცენტრში, ბავშვები აკრძალული ქიმიკატებით დაბინძურებულ სათამაშო მოედნებზე თამაშობენ, ადგილობრივი ოჯახები კი ტოქსიკურ საკვებს მოიხმარენ, რაც მათ პესტიციდებისა და სამრეწველო დამბინძურებლების სახიფათო ზემოქმედების რისკის ქვეშ აყენებს. 

ორშაბათი, 15 სექტემბერი 2025 08:57
Ondrej Petrlik / Arnika Ondrej Petrlik / Arnika

„რუსთავის მოსახლეობაში ერთი ადგილობრივი კვერცხის მიღებაც კი ორგანიზმში დიოქსინის დონეს იმდენად ზრდის, რომ ის რამდენჯერმე აჭარბებს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დადგენილ დღიური მოხმარებისთვის უსაფრთხო ნორმას,“ – განაცხადა „არნიკას“ წამყვანმა ავტორმა, ინდრიხ პეტრლიკმა. მისივე თქმით: „მონაცემები მიუთითებს როგორც ტოქსიკურ სამრეწველო მემკვიდრეობაზე, ისე მიმდინარე დაბინძურებაზე. მოსახლეობა კი ამ მძიმე შედეგებს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ არ ხდება დაბინძურების სათანადო მონიტორინგი, სახელმწიფო სუსტად აკონტროლებს მოძველებული ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოებს და კვლავ გამოიყენება აკრძალული პესტიციდი DDT“. 

„ჩვენი კვლევით დასტურდება, რომ რუსთავის მოსახლეობაზე ერთდროულად რამდენიმე წყარო ახდენს გავლენას. მათ შორისაა: სამრეწველო ემისიები, დაბინძურებული ნიადაგი და სახიფათო ადგილობრივი საკვები, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. არსებული ვითარება სასწრაფო და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს, რაც გულისხმობს ბავშვთა სათამაშო მოედნებზე დაბინძურებული ნიადაგის დაუყოვნებლივი შეცვლას, დაბინძურების გრძელვადიან მონიტორინგსა და სახელმწიფოს მიერ სუფთა ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებას – აღნიშნა „არნიკას“ წარმომადგენელმა ნიკოლა იელინეკმა. 

ტოქსიკური ქიმიკატები ნიადაგში, საკვებსა და მდინარეებში 

კვლევის შედეგად, მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs), პესტიციდებისა და მძიმე ლითონების არსებობა გამოვლინდა ბავშვთა სათამაშო მოედნების ნიადაგში, ქალაქის მტვერში, მდინარის ნალექებში, ბუნებრივ გარემოში მოშენებული/გამოზრდილი ქათმების კვერცხსა და მდინარე მტკვრის თევზში. სათამაშო მოედნების ნიადაგში აღმოჩენილი DDT-ის ნარჩენების კონცენტრაცია შესადარებელ ფონურ მაჩვენებელს 3,500-ჯერ აღემატებოდა და ასევე მომატებული იყო პოლიქლორირებული ბიფენილების (PCBs) დონეც. საყურადღებოა, რომ DDT და PCBs-ები არღვევს ნერვული და ჰორმონალური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, აზიანებს ღვიძლსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ზრდის კიბოს განვითარების რისკს. რაც შეეხება მძიმე ლითონებს, კადმიუმისა და თუთიის შემცველობამ გადააჭარბა ჩეხეთის ჰიგიენურ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ კადმიუმი საფრთხეს უქმნის ნაყოფის განვითარებას, თუთიის ჭარბმა რაოდენობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და ანემია. 

ბუნებრივ გარემოში მოშენებული/გამოზრდილი ქათმების კვერცხებში დიოქსინის მსგავსი PCBs-ების მაჩვენებლები ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმას თითქმის შვიდჯერ აჭარბებდა, ზოგიერთ ნიმუშში კი ცეცხლგამძლე მასალებში გამოყენებული ქიმიკატების აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, მტკვრის თევზში გამოვლენილი PCBs-ისა და DDT-ის კონცენტრაციები ზოგ შემთხვევაში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებსაც აღემატებოდა. 

მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს  

კვლევა რეკომენდაციას იძლევა, რომ შეწყდეს აკრძალული პესტიციდების გამოყენება და გაიწმინდოს დაბინძურებული სათამაშო მოედნები, კერძოდ, შეიცვალოს დაბინძურებული ნიადაგი. ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა აღასრულონ გარემოსა და სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა, მოქალაქეებს კი მიაწოდოს რეკომენდაციები ადგილობრივი კვერცხისა და თევზის მოხმარებასთან დაკავშირებით. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენებით დაბინძურებული ადგილების მემკვიდრეობის გრძელვადიანი მონიტორინგი, გააძლიერონ კონტროლი და განახორციელონ ინვესტიციები გარემოს დასაცავად საჭირო ტექნოლოგიებში. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კრიზისის გადაჭრა საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობას, მონაცემების გამჭვირვალე გაზიარებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი თემების ჩართვას. მთავრობის უმოქმედობის შემთხვევაში კი დაბინძურება ათწლეულობით გაგრძელდება. 

 

დანართები:   

1/ ტოქსიკური დაბინძურების კერები რუსთავში, საქართველო (კვლევა ქართულ ენაზე)  

2/ რუსთავის ტოქსიკური მემკვიდრეობა: ჯანმრთელობის უხილავი საფრთე (მოკლე ინფორმაცია ქართულ ენაზე)    

3/ რუსთავის დაბინძურების შესახებ კვლევის ძირითადი მიგნებები 

  

საკვებ პროდუქტში აღმოჩენილი საშიში ქიმიკატები: 

დიოქსინის შემცველობა აღმოჩნდა რუსთავის თავისუფალ გარემოში მოშენებული/გამოზრდილი ქათმების კვერცხებში. დიოქსინისა და არადიოქსინის მსგავსი PCBs-ების დონე რამდენჯერმე აღემატებოდა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. ამდენად, მხოლოდ ერთი ადგილობრივი კვერცხის მიღებაც კი საკმარისია ორგანიზმში დიოქსინის ისეთი რაოდენობით მოსახვედრად, რომელიც 3–4-ჯერ აღემატება ევროპის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დადგენილ დღიურ უსაფრთხო ნორმას. 

დაბინძურებული საბავშვო მოედნები: 

რუსთავის სათამაშო მოედნების ნიადაგში გამოვლინდა აკრძალული პესტიციდებისა (DDT) და სამრეწველო ქიმიკატების (PCBs) უკიდურესად მაღალი დონეები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში შესადარებელ ფონურ მაჩვენებლებს, შესაბამისად, 3,500-ჯერ და 180-ჯერ აღემატებოდა. თუთიისა და კადმიუმის კონცენტრაციებმა ასევე გადააჭარბა ბავშვთა ქვიშისთვის დადგენილ ჩეხეთის ჰიგიენურ სტანდარტებს. 

ტოქსიკური მტვერი და ნიადაგი საცხოვრებელ რაიონებში: 

სამრეწველო ზონის მახლობლად აღებულ ქუჩის მტვერში  აღმოჩნდა მძიმე ლითონები, მათ შორის ტყვია და კადმიუმი.  მათი კონცენტრაციები 20–25-ჯერ აჭარბებდა სუფთა ტერიტორიებზე გამოვლენილ დონეებს. ქრომისა და თუთიის მაჩვენებლები კი ამ ტიპის საერთაშორისო კვლევებში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ შედეგებს შორის მოხვდა. 

დაბინძურებული მდინარე და თევზი: 

მდინარე მტკვრის თევზში აღმოჩნდა POPs-ების მემკვიდრეობისა და მძიმე ლითონების საგანგაშო დონე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოჯახი ადგილობრივ თევზს არ მოიხმარს, ისინი, ვინც მას მიირთმევენ, ხანგრძლივი მოხმარება მათთვის ჯანმრთელობის სერიოზული რისკს ქმნის. ამასთანავე, მდინარის ნალექებში DDT-ისა და PCBs-ის დონე რამდენჯერმე აღემატებოდა სხვა ადგილებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. 

არალეგალური პესტიციდების მიმდინარე გამოყენების  ნიშნები: 

ნიადაგსა და კვერცხებში აღმოჩენილი DDT-ის ქიმიური პროფილი იმაზე მიუთითებს, რომ მისი გამოყენება ან გარემოში მოხვედრა დღესაც გრძელდება. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ეს პესტიციდი საერთაშორისო დონეზე 2004 წელს სტოკჰოლმის კონვენციით აიკრძალა, რომელსაც საქართველო 2006 წელს შეუერთდა.